"პრემიერის განცხადება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს" - ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

ევროპული საქართველო

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ხელმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის 9 მარტის განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ეს განცხადება არის ქართული ოცნების და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, პარტიები აღნიშნავენ, რომ მიმართვაში პრემიერმინისტრი საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგის მზაობას აცხადებს, რაც საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას ეწინააღმდგება.

"სხვა სახიფათო გზავნილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში მზაობას აცხადებს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებათან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია. ეს გზავნილი ასევე ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს. ეს განცხადება ხელს უხსნის რუსეთის ფედერაციას მოახდინოს ამ საერთაშორისო კონსენსუსის რევიზია.

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების რიტორიკა ეხმარება რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ საქართველოსა დანაწევრების ლეგიტიმაციის მიზნით, კვლავ მოირგოს მედიატორის მანტია, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს დეოკუპაციის პერსპექტივას და შეამცირებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შანსებს.

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვნად მომძლავრდა რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივებასთან ერთად, მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ფაქტების რევიზიას და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციას 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან", - აცხადებენ პარტიები.

11 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს:

  • პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში;
  • მარტის თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დე-ოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად;
  • დროულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ;
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ოპოზიციური პარტიების სახელით გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • ახალი მემარჯვენეები;
  • ახალი საქართველო;
  • ევროპული დემოკრატები;
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსეთის ხელისუფლებას 9 მარტს მიმართა. მისი განცხადებით, მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება.

გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების, პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობის მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა "ვერ მოხერხდა"

პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კომენტარები