სოფლის მეურნეობა

არარსებული ინვესტიციები, დამფრთხალი ინვესტორები და ეკონომიკური ვარდნა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) მხოლოდ $3.6 მილიონი შეადგინა. სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასეთი მცირე 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

2017 წელს აგრარულ სექტორში ჩადებული ინვესტიციები მთლიანი FDI-ის 0.02%-ზე ნაკლებია.

საკონსტიტუციო აკრძალვა და მორატორიუმი

სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების ასეთი შემცირება სავარაუდოდ, უცხოელებისთვის  მიწების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსიტუციო ჩანაწერის გაჩენას უკავშირდება. 

ამ დროისთვის უცნობია რა სქემით შეძლებენ უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწების გამოყენებას. კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული სისტემა სპეციალური ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, თუმცა კანონის მონახაზი ამ დროისთვის უცნობია.

ქართული ოცნების მიერ მიღებული კონსტიტუციის მეცხრამეტე მუხლში წერია:

მუხლი 19 (მეოთხე ნაწილი)

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.''

კონსტიტუციის მიღებამდე კი ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა მორატორიუმი, რომლითაც უცხოელებს მიწის შესყიდვა აეკრძალათ. აკრძალვის თავდაპირველმა ვარიანტმა საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის კომერციულ ბანკებს სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტებას უზღუდავდა. მთავრობამ აღნიშნული აკრძალვისთვის კრიტიკა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ბიზნესასოციაციებისგანაც დაიმსახურა.

აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა მორატორიუმის პირველი ვერსიით სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა. მიწის ფლობის აკრძალვით კი კომერციულ ბანს უფლება წაერთვათ გამხდარიყო გადაუხდელი კრედიტის შედეგად სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწის მფლობელი, ეს კი საერთოდ კრედიტის გაცემას აზრს უკარგავდა.

მთავრობამ აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სექტემბერში მორატორიუმში ცვლილება შეიტანა, რითიც უცხოელთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება მიეცათ. თუმცა ეს მოხდა იმ დათქმით, რომ ბანკები აღნიშნულ მიწას საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებდნენ.

ეკონომიკური ვარდნა

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე ნელა მზარდი დარგია, 2017 წლის მესამე კვარტალში სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირება დაფიქსირდა და მან მინუს 2.8% შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი -85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. დაბალია დარგის კომერციალიზაცია, რაც სოფლად სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია თვითდასაქმებული, მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 750 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის.

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვით ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვის ტემპიც შეიძლება შემცირდეს.

კომენტარები