"ეს პროგრესული, მოაზროვნე ნაწილი და ცივილიზებული სამყარო არის საშინელი ჩიხი" - ამბობს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მიტროპოლიტი შიო.
ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა 8 მარტს საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და ფსიქოლოგებს შორის გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა. შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით შედგა და განსახილველი საკითხი მოზარდებში გახშირებული სუიციდი იყო.
პატრიარქმა თქვა, რომ სიძულვილს, რომელიც მისივე თქმით, ახალგაზრდებში არსებობს, ადამიანების ღმერთთან დაშორებითაა გამოწვეული. მოსაყდრე შიომ კი განაცხადა, რომ პატრიარქის მიერ გამოთქმული მოსაზრება არახალია და საკითხის "ფილოსოფიურ ჭრილში" განხილვას შეეცადა.
"თანამედროვე აზროვნებაში ასეთი მიზანი იყო, რომ ღმერთი მოესპოთ საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და ეს არის ე.წ მოდერნის პერიოდის აზროვნება მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, რაც შემდეგ გამოხატა ფილოსოფოსმა ნიცშემ. მან თქვა, რომ "ჩვენ მოვკალით ღმერთი, მე და თქვენ". ის ყოვლისმომცველი ფილოსოფოსი იყო, ძალიან დიდი და მან თქვა, რომ "ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს, დასრულდა ერთი დიდი ეტაპი, აი, ამ მოდერნის ფილოსოფიის ეტაპი დამთავრდა, ჩვენ გავიმარჯვეთ, მთელი პროგრამა შესრულებულია". ჩვენი ქვეყანა ახლა შედის, აი, ამ მოდერნში. ევროპამ დაასრულა ეს პროცესი.
ჩვენ ახლა შევდივართ ამ მოდერნის პარადიგმაში, ნაწილი შესულია, ნაწილი ჯერ კიდევ არა და იქ, მაშინ, თქვენო უწმინდესობავ, ამ ფილოსოფოსებმა თქვეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს პროგრამა შესრულდა, მაგრამ აღმოჩნდნენ ჩიხის წინაშე. დაინახეს მათ, ეს სადაც მივიდა, ეს პროგრესული, მოაზროვნე ნაწილი და ცივილიზებული სამყარო არის საშინელი ჩიხი, ზუსტად ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, და დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ გამოვიდნენ აქედან და რანაირად გაგრძელდეს ცხოვრება. რა თქმა უნდა, მათთვის უკან არის სული და ღმერთი და საკრალიზაცია და ეს ყველაფერი არის ჩამორჩენილობა და სიბნელე. იქ დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, არავინ არ საუბრობდა, არამედ გადაწყვიტეს, რომ შეიქმნას ფილოსოფიაში ახალი მიმართულება, რომელსაც პოსტმოდერნი ეწოდება. ეს არის კიდევ უფრო გაგრძელება, აი, ამ ყველაფრის, კიდევ უფრო დაშორება მოდერნთან, თვლიდნენ ისინი, რომ მოდერნში კიდევ დარჩა რაღაცა ბნელი, სულიერი ნაშთები და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდნენ და, შედეგად, შეიქმნა ასეთი პოსტმოდერნული მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო დაშორდა ღმერთს და კიდევ უფრო მძიმე სურათი მივიღეთ. ახლა ნაწილი ევროპაში მოაზროვნეების უკვე არიან, აი, ამ პოსტმოდერნულ რეალობაში და იქიდან ხდება ეს ყველაფერი, შემოდის ეს დებულებები,"- თქვა მიტროპოლიტმა შიომ.
რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ "შუა საუკუნეების ლიბერალიზმმა ჩვენ ათეიზმამდე მიგვიყვანა".