არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კობახიძე ტატუნაშვილზე: იმედია, შევთანხმდებით და ერთიან რეზოლუციას მივიღებთ

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო ორგანო არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი რეზოლუციის მიღებას მოახერხებს. ამ ეტაპზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ორი რეზოლუციაა ინიცირებული - საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის.

"ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო, ასე ვთქვათ, ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს, ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ე.წ ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს. მათ მიზეზად რუსეთში მიმდინარე "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

კომენტარები