არჩილ ტატუნაშვილის საქმე

მამა შალვა ტატუნაშვილზე: სანამ ცხედარს არ გადმოასვენებენ, ოჯახის გვერდით ვიქნებით

რუსთავი 2

დღეს რამდენიმე სასულიერო პირი წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს. მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოუცხადებს.

"რამდენიმე დღეა, ჩვენ  ვფიქრობდით წასვლას, მაგრამ გვეგონა, რომ გადმოასვენებდნენ ცხედარს და მერე მივიდოდით პანაშვიდზე, სამძიმარს გამოვხატავდით ოჯახის მიმართ. მაგრამ რადგან უკვე დიდ ხანია ცხედრის გადმოსვენება არ მოხდა, გუშინაც მის უწმინდესობასთან შეხვედრაზეც იყვნენ ოჯახის წევრები. რამდენიმე სასულიერო პირმა მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ოჯახისთვის, ვაპირებთ, ყოველდღე გავაკეთოთ ეს და სანამ ცხედარი არ გადმოსვენდება, ვაპირებთ ოჯახის გვერდზე ვიყოთ,"- თქვა მამა შალვა კეკელიამ.

გუშინ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლები საპატრიარქოში საქართველოს კათალიკოს-პატრირქს ილია მეორეს შეხვდნენ. საპატრიარქოში შესვლამდე ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს. მათ მიზეზად რუსეთში მიმდინარე "სიღრმისეული ექსპერტიზა" დაასახელეს.

კომენტარები