არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე, ილია II რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის

საქართველოს საპატრიარქო

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები დღეს საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდნენ. 

„არჩილ ტატუნაშვილის მშობლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საპატრიარქო დაეხმაროს ოჯახს ცხედრის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში. მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ საქართველოს ეკლესიის ხელთარსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, რომ ცხედარი დროულად დაბრუნდეს ოჯახში. უკვე მოგვცა პირველი დავალება მისმა უწმინდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნოს რუსეთის პატრიარქის სახელზე და ამას მოჰყვება სატელეფონო ზარებიც." - ამბობს ლაშა ჟვანია.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს.

კომენტარები