არჩილ ტატუნაშვილის საქმე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: შეშფოთებულები ვართ ტატუნაშვილის საქმის გამო

UN Human Rights

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შეშფოთებას გამოთქვამს, გამოძიებას მოითხოვს და მზად არის, ამ პროცესს მხარი დაუჭიროს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ტვიტერის გვერდზე წერია: 

"შეშფოთებულები ვართ 22 თებერვალს, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოვითხოვთ მისი გარდაცვალების ფაქტების სარწმუნო და გამჭვირვალე გამოძიებას, მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს“.

ოფისის ხელმძღვანელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა ეს აზრი ჟენევაში მიხეილ ჯანელიძესთან პირისპირ შეხვედრის დროსაც გაახმოვანა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომისარმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარზე რეაგირება მნიშვნელოვანია და რომ საკითხი შესაბამის ფორმატებში უნდა იყოს განხილული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

კომენტარები