არჩილ ტატუნაშვილის საქმე

თალაკვაძე ტატუნაშვილზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფაქტს სამართლებრივი პასუხი გაეცეს

მოხდა არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენი რეაქციები ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მკვეთრი. საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. საპარლამენტო უმრავლესობამ მოახდინა რეზოლუციის ინიცირება, სადაც ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, ვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და მონიტორინგის მექანიზმების დაშვებას. მიგვაჩნია, რომ ამ მექანიზმების გარეშე შეუძლებელია, რომ რისკები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სიცოცხლის თავისუფლების ხელყოფასთან დაკავშირებით არსებობს, თავიდან იქნას აცილებული. საქართველო აგრძელებს თავის პოლიტიკას ტერიტორიული მთალიანობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. ასეთი პროვოკაციები და ასეთი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი ფაქტები ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მოვა დრო, როდესაც დამნაშავეები იქნებიან დასჯილები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ფაქტს სამართლებრივი პასუხი გაეცეს და სათანადო შეფასებები მოჰყვეს არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფას. მთავრობა და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რეაგირება რაც შეიძლება სწრაფი და მკვეთრი იყოს. ნუ ექნება საოკუპაციო რეჟიმს იმის იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვა შემთხვევები დავიწყებას მიეცემა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ. თალაკვაძის ამ კომეტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები