არჩილ ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას 2-დღიანი ვადა მისცა

ამერიკის ხმა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო სამართალდამცველების მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის მამასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები უფრო ფართომასშტაბიან და მწვავე ფორმას მიიღებს.

გუშინ გამართული აქციის გამო, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოძრაობა გადაკეტილი იყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ასევე თბილისი-კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალებზე. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოდნვენ, რათა ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს დროულად გადასცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. 

ცნობისთვის, ერგნეთში გუშინდელი არაგეგმური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები