გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა

ჯარისკაცის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

საქმე ეხება 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხაში, სოფელ ფახულანში არსებულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც სამხედრო მოხელეს იარაღი გაუვარდა, ტყვია კი შემთხვევით სხვა ახალწვეულს მოხვდა. 

პროკურატურის ცნობით, 26 ოქტომბერს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელმა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ.ჯ.-მ იარაღის შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი უნებართვოდ აიღო. 

"დაუდევრად მოეპყრო მას, რა დროსაც განახორციელა გასროლა. სროლის შედეგად დაიჭრა სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელი (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ.რ., რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები