მუსტაფა ემრე ჩაბუქი

გაერომ საქართველოს მოსთხოვა, საქმის განხილვამდე, ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

ტაბულა

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინააღმდეგ არ გამოიყენოს ექსტრადირების მექანიზმი. 

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 15 თებერვალს ჩაბუქმა კომიტეტში საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მისი ექსტრადირების შემთხვევაში დაირღვევა წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. 

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 19 თებერვალს წერილით მიმართა საქართველოს, საქმის განხილვამდე, თავი შეიკავოს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისგან. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყებამ წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 

საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობის სანაცვლოდ, ჩაბუქს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი, საექსტრადიციო პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. ჩაბუქი ექსტრადიციის გადაწყვეტილების ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე გაათავისუფლეს.

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვას აგრძელებს. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.

წაიკითხეთ ვრცლად ჩაბუქის საქმეზე: მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის არაკონსტიტუციური გარემოებები

კომენტარები