არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ბრიტანეთის საელჩო: შეშფოთებულები ვართ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო

ამერიკის ხმა

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქის ბატონი არჩილ ტატუნაშვილის ე.წ სამხრეთ ოსეთში დაკავების პერიოდში გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას." - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ცხინვალში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. საელჩო იმედს გამოთვქვამს, რომ შესაბამისი გამოძება ჩატარდება და ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი დადგინდება. 

"მოლოდინი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას მისი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ასევე, უზრუნველყოფს ბატონ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყონებლივ დაბრუნებას. ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ  საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

დღეს ენგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩატარდა. სადაც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე და დანარჩენი ორი მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხები განიხილეს, თუმცა როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი იმის გამო, რომ რუსეთმა ცხედრის ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, გადმოსვენებაზე უარს ამბობენ. 

კომენტარები