იუსტიციის უმაღლესი საბჭო

NGO-ები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: შეწყვიტეთ თავმჯდომარეების სუბიექტურად დანიშვნა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ შეწყვიტოს სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა სუბიექტური შეხედულების საფუძველზე. ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხის განხილვას ეხმაურებიან. 

"დაუშვებელია თავმჯდომარეები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურის არარსებობის პირობებში. დაუშვებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნოს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წევრი. აღნიშნული კიდევ უფრო გააძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეზე კონტროლის რისკებს და დამღუპველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ისეთი მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც შესწევს უნარი არ მოექცეს შიდა გავლენის ქვეშ, დადებითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ქვეყანაში სისხლის მართლმსაჯულების განხორციელებაზე. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში, როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ უკვე დანიშნულია მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც კლანური მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

GDI და საია აცხადებენ, რომ სასამართლოების, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში წლებია, შესაბამისი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის გასაკონტროლებელ, ასევე, მოსამართლეების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენ ბერკეტად აღიქმებიან.

"სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი უმეტესად სწორედ სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან შედგება. გავლენიანი ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეებიც, რომლებიც ან სასამართლოს თავმჯდომარეობის ნიშნით აირჩევიან ამ თანამდებობაზე, ან საბჭო ნიშნავს მათ თავმჯდომარეებად მას შემდეგ რაც ისინი საბჭოს წევრები გახდებიან.

სასამართლოს თავმჯდომარეების არასათანადო გაძლიერებას და თავმჯდომარის თანამდებობით მანიპულირებას ხელი შეუწყო სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულმა ცვლილებებმა. სწორედ მესამე ტალღის რეფორმის შედეგად იქნა გაუქმებული შეზღუდვა, რომელიც სასამართლოების თავმჯდომარეებს უკრძალავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას", - აცხადებენ ორგანიზაციები.

ახალგარზდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევენ, რომ თავმჯდომარეების დანიშვნისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია არ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც კი. გარდა ამისა, ორგანიზაციების განმარტებით, არც კანონმდებლობა განსაზღვრავს თავმჯდომარეთა შერჩევის კრიტერიუმებს და დანიშვნის პროცედურას, რაც სრულ შეუსაბამობაშია არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. GDI და საია მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს ინდივიდუალური მოსამართლეების და სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

"რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში ვრცლად ისაუბრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის გავლენებზე სასამართლოში და კონკრეტულ მოსამართლეზე. მოსამართლის ეს უპრეცედენტო გამოსვლა სისტემის შიგნით არსებული პრობლემების შესახებ, ცხადჰყოფს, თუ რამდენად დიდია თავმჯდომარეების გავლენა სასამართლოში საქმეთა განხილვაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემა სწორედ თავმჯდომარეების მეშვეობით იმართება.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეწყვიტოს სასამართლოების/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნა ყოველგვარი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურის გარეშე, უზრუნველყოს თავმჯდომარეების დანიშვნის კონკურენტული პროცესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნოს მოსამართლე, რომელიც აფილირებული არ იქნება კლანურ მმართველობასთან, ექნება ნდობა და დადებითი რეპუტაცია პროფესიულ წრეებსა თუ მთლიანად საზოგადოებაში", - აცხადებენ ორგანიზაციები.

კომენტარები