არჩილ ტატუნაშვილის საქმე

EU: ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და 2 სხვა პირის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია

ამერიკის ხმა

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებისა და გარდაცვალების საქმეზე ევროკავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამო. განცხადებაში წერია, რომ ისინი მზად არიან მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ხელი შეუწყონ მიმდინარე გამოძიებას.

"საქართველოში, სამხრეთ ოსეთში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი ბატონ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ორი სხვა პირის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ხელი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას და უზრუნველყოს დისკუსიები ინციდენტების პრევენციის და ხელშეწყობის მექანიზმების და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. დაკავებული ორი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, გვაქვს მოლოდინი, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცმემს მათ საშუალებას დაბრუნდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. უკანასკნელი მოვლენები ხაზს უსვამს დამატებითი ზომების საჭიროებას რათა უზრუნველვყოთ გამჭვირვალეობა და გაიზარდოს ნდობა. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის გადაჭრის მტკიცე მხარდაჭერას. მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობით და ადგილზე სადამკვირვებლო მისიებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძისთქმით, მათ დოკუმენტები ჩამოართვეს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულებს მათთან თანამშრომლობას ავალდებულებენ. ეს საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

როგორც ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ჯერჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. 

კომენტარები