იარაღზე კონტროლი

ტრამპი ნახევრად ავტომატური იარაღის მოდიფიკაციის მოწყობილობებს კრძალავს

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას განაცხადა, რომ იმ მოწყობილობის აკრძალვის ბრძანება გასცა, რომელიც გასულ წელს სტივენ პედოკმა ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე მოწყობილი თავდასხმისას გამოიყენა. თავდასხმას 58 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პედოკმა ნახევრად ავტომატური იარაღის ავტომატურად მოდიფიკაცია თავად განახორციელა, რამაც წუთში რამდენიმე ასეული გასროლის საშუალება მისცა.

იარაღის კონტროლზე დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც ფლორიდის სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური იარაღით 17 ადამიანი მოკლა.

სტუდენტები და მშობლები ვაშინგტონში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით დემონსტრაციების გამართვას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს აშშ-ში, ფლორიდის შტატის პარკლანდის სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 17 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, კრუზს ერთი წლის წინ ლეგალურად ნაყიდი AR-15 ტიპის ნახევრად-ავტომატური იარაღი ჰქონდა. რამდენიმე საკლასო ოთახში ცეცხლის გახსნის შემდეგ ის სხვა მოსწავლეებს შეერია, სკოლის ტერიტორია დატოვა და დაკავებამდე Subway-ში და McDonald's-ში შესვლაც მოახერხა.გავრცელებული ცნობით FBI-ს მასზე გარკვეული ინფორმაცია თავდასხმამდეც ჰქონდა, რადგან მან Youtube-ის ერთერთ ვიდეოზე შემდეგი კომენტარი დატოვა - "მე პროფესიონალი მკვლელი ვიქნები სკოლაში." იმავე ანგარიშის მიერ იყო დატოვებული სხვა, მსგავსი შინაარსის კომენტარებიც: "მინდა ჩავცხრილო ხალხი ჩემი AR-15-ით"; "ერთ დღესაც პოლიციელს მოვკლავ, ისინი კარგ ხალხს ხოცავენ." FBI-ის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა პირის, ვინც კომენტარი დაწერა სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა. კრუზი "დისციპლინური მიზეზის" გამო სკოლიდან გარიცხეს. დაკავებისას კრუზს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან დანაშაული აღიარა. ABC News-ის მიხედვით კრუზმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავში "დემონური" ხმები აქვს და მათ მისცეს ხალხის დახოცვის ინსტრუქციები.

კომენტარები