გერმანია

სოციალ-დემოკრატების გადაწყვეტილება მერკელთან კოალიციაზე 4 მარტს გახდება ცნობილი

მარტინ შულცი და ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან სამთავრობო კოალიციის შექმნის შეთანხმებას ფოსტით უნდა მისცენ ხმა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს და ხმის მიცემის შედგები 4 მარტისათვის გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი კოალიციის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ, მერკელის პარტიას უმცირესობის მთავრობის შექმნა მოუწევს, ან ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტიის მხარდამჭერების უმეტესობა სამთავრობო კოალიციაში შესვლას ემხრობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარტინ შულცმა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი შეასრულებს. თამჯდომარის პოსტზე მთავარ კანდიდატურად ანდრეა ნალესი განიხილება. პოსტის დაკავების შემთხვევაში პარტიის 154-წლიან ისტორიაში ის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება. ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ 22 აპრილს პარტიის კონგრესზე აირჩევენ.

შულცის გადადგომა სწორედ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს შორის კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა.

შულცის თქმით მისი გადადგომა პარტიას გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და ისინი შეძლებენ პირადი საკითხების ნაცვლად კოალიციის შეთანხმებაზე კონცენტრირდნენ. თავმჯდომარის პოსტზე შულცი ნალესის კანდიდატურას უჭერს მხარს. მან თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ნალესის ლიდერობით პარტია ძველ ძალას დაიბრუნებს და გერმანიის მთავრობის ნაწილი გახდება. შულცმა კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრობაზეც თქვა უარი.

24 სექტემბრის არჩევნების შემდეგ თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა.

თავდაპირველად სოციალ დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი მარტინ შულცი ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა 22 იანვარს გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებს მისცეს ხმა.

კომენტარები