სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ჯანელიძე: უკრაინის შემოთავაზებამდეც ვმუშაობდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე

მეორე არხი

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო პეტრო პოროშენკოს შეთავაზებამდეც მუშაობდა დასავლეთთან, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიზეზად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან ერთად საქართველოს ოკუპაციაც გაცხადებულიყო. ეს მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად თქვა. 

"დიდ პატივს ვცემთ უკრაინის პრეზიდენტის ინტერესს, საქართველოსთან რაც შეიძლება მეტი მიმართულებით იყოს თანამშრომლობა. ეს ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გაფორმდა. ის, მათ შორის, გულისხმობს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ფორმატებში და ორგანიზაციებში ჩვენი ქმედებების კოორდინაციას, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამ ინიციატივის შემდეგ გვქონდა, რა თქმა უნდა, საუბარი, როგორც საელჩოსთან, ასევე სხვა პირებთან, ვისაც ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვს. ეს არის ის, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა დაუწესოს სანქციები რუსეთს. სხვას არ გულისხმობს ეს შემოთავაზება არაფერს, გარდა იმისა, რომ დაუწესოს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც. ამ მიმართულებით ამ იდეის გაჟღერებამდეც ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, რომ საქართველოში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით მოხდეს მაქსიმალურად საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია და ამ მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების სახით. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება", - თქვა ჯანელძემ

პეტრო პოროშენკომ 19 იანვარს, კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს.

ჯანელიძემ ამ საკითხზე რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ ეს შეთავაზება არ ყოფილა. 

კომენტარები