ვიზალიბერალიზაცია

ჯანელიძე: მოქალაქეებმა ევროკავშირში არალეგალური ქმედებების საფრთხე უნდა აღიქვან

მიხეილ ჯანელიძე
ტაბულა

"საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის." - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

ჯანელიძის თქმით, "მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს."

მინისტრის თქმით, მან აღნიშნული საკითხი განიხილა ქ. მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროსაც.

"ვისაუბრეთ ერთობლივ კამპანიებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯი იქნას წარმოჩენილი. გერმანიაში ჩვენ გვაქვს ამის კარგი შესაძლებლობა წელს, რადგანაც ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მოგეხსენებათ, რომ წელს ასევე პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება - პოლიტიკა და ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ გერმანული საზოგადოების წინაშე პოზიტიური კუთხით და რა თქმა უნდა აქაც გავაჩინოთ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მიმართ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები