შსს: უკრაინიდან დეპორტირებული პირი ე.წ. "კანონიერი ქურდი" არ არის, ეს თავად განაცხადა

crimerussia.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული პაპუნა უგრეხელიძე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ამის შესახებ თავად განაცხადა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრია, არის მცდარი. სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო", - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის დირექტორის მოადგილემ.

დავით ლაცაბიძის განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირი დააკავეს.

"ჩვენ კონტროლზე გვყავს აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან", - აცხადებს ლაცაბიძე.

ის ხაზს ასევე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", პაპუნა უგრეხელიძე დააკავეს, 14 თებერვალს გაავრცელა. უკრაინული მედია წერს, რომ ის საქართველოში დააბრუნეს. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, უგრეხელიძე 2017 წელსაც იყო დაკავებული და უკრაინაში შესვლა 3 წლით ჰქონდა აკრძალული.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში იძებნება ვიდეო ჩანაწერები, სადაც პაპუნა უგრეხელიძე არ უარყოფს, რომ ქურდული სამყაროს წევრია. კითხვაზე, მიაკუთვნებს თუ არა თავს ე.წ. "კანონიერი ქურდებს", ის ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს.

კომენტარები