თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

"რამდენიმე თვის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი" - რას ჰყვება გუგეშაშვილი თავდასხმაზე

EKATERINE PHOTOGRAPHY

ყოფილი მხედრიონელის დოდო გუგეშაშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც მას და მის შვილს თავს დაესხა, რამდენიმე თვის წინ ვეტერანის სტატუსით გაეცნო. გუგეშაშვილი გადაცემა რეაქციისთვის ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ჩაწერა. ის დარწმუნებულია, რომ მომხდარი არ უკავშირდება პოლიტიკას და ბიზნესს. 

"ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გამეცნო, როგოც ვეტერანი. ამის შემდეგ მთხოვა დახმარება პატარა საქმეზე. მის ახლობელს უნდა შეეძინა კიევში, მაღაზიაში ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან ომია უკრაინაში, მთხოვა, თუ მყავდა ნაცნობი, ვინც უზრუნველყოფდა აეროპორტამდე ამ კაცის ნავაჭრთან ერთად უსაფრთხო გადაადგილებას, ეს არის და ეს" - ამბობს გუგეშაშვილი და აღნიშნავს, რომ მას არ გადაუმოწმებია, ეს ადამიანი ნამდვილად ვეტერანი იყო თუ არა.

"რადგან არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. სახელი მითხრა - ზურა. გვარი არ უთქვამს ან მითხრა და არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ტიპი იყო, არც ვიცი, გვარი მითხრა თუ არა, ეს იყო და ეს" - ამბობს გუგეშაშვილი.

მისივე თქმით, "სამწუხაროდ, არასდროს არ მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ჩემთან ვითომ საქმიან კონტაქტს, რამდენჯერმე სახლში შემოვუშვი, რადგან მე ყველას ვუშვებ სახლში".

დოდო გუგეშაშვილი იხსენებს, რომ თავდამსხმელმა სახლში შესვლიდან რამდენიმე წუთში ესროლა.

"მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მერე ესროლეს შვილს, მაგრამ სროლის მომენტი შვილის მიმართ მე არ მინახავს. არ ვიცი, რა ხდება მაგრამ ხაზს ვუსვამ - არ არის ეს პოლიტიკა, ბიზნესი, წინა საუკუნის სავალალო დაპიირისპირება, რაც მთელმა საქართველომ გავიარეთ, არ არის არც ერთი ომი, არც სამოქალაქო და არც რუსეთ-საქართველოსი, ამაში დარწმუნებული ვარ, არც ფული ან ბიზნესი, არც მსგავსი რამ, მით უმეტეს, პოლიტიკის ნასახი არ არის ამ საქმეში, სრულად დარწმუნებული ვარ" - ამბობს ყოფილი მხედრიონელი და აღნიშნავს, რომ მისთვის თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო.

"რადგან მეც და ჩემი შვილიც სრულიად თამამად დავდიოდით დღის ნებისმიერ დროს და მზად ვიყავით ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად" - თქვა მან.

ამასთან, დოდო გუგეშაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მანაც მოასწრო სროლა და თავდამსხმელი დაჭრა.

"ტყუილია, არ არის დაჭრილი, ვერც იქნებოდა, მე ვიყავი საშინაო ფორმაში, ჩუსტებით და ხალათით და მითუმეტეს, როგორ ვესროდი" - ამბობს ყოფილი მხედრიონელი.

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი საკუთარ სახლში 7 თებერვალს დაჭრეს, ხოლო მისი შვილი - მოკლეს. 

კომენტარები