გამოცდების ეროვნული ცენტრი

სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

naec.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ სკოლის  საატესტატო გამოცდები შეცვილილი ფორმატით ჩატარდება. მისი თქმით, მოსწავლეს საშუალება ექნება ტესტის დასრულების შემდეგ გაიგოს გადალახა თუ არა საგამოცდო ზღვარი.

"მნიშვნელოვანია პრინციპი, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა - კონკრეტული ქულით მოსწავლის შეფასება. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევაჯერეთ ჩვენი მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე  დაასრულებს მუშაობას კონკრეტულ საგანში კონკრეტულ ტესტზე, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი, თუმცა მას კონკრეტული ქულა არ დაეწერება",- თქვა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს [ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია]. დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას [მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია] მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

კომენტარები