გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია

მარტინ შულცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

abcnews.al

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარტინ შულცმა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი შეასრულებს. თამჯდომარის პოსტზე მთავარ კანდიდატურად ანდრეა ნალესი განიხილება. პოსტის დაკავების შემთხვევაში პარტიის 154-წლიან ისტორიაში ის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება. ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ 22 აპრილს პარტიის კონგრესზე აირჩევენ.

შულცის გადადგომა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს შორის კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. შეთანხმებას ხმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის 464,000-მა წევრმა უნდა მისცეს.

შულცის თქმით მისი გადადგომა პარტიას გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და ისინი შეძლებენ პირადი საკითხების ნაცვლად კოალიციის შეთანხმებაზე კონცენტრირდნენ. თავმჯდომარის პოსტზე შულცი ნალესის კანდიდატურას უჭერს მხარს. მან თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ნალესის ლიდერობით პარტია ძველ ძალას დაიბრუნებს და გერმანიის მთავრობის ნაწილი გახდება. შულცმა კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრობაზეც თქვა უარი.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბრის არჩევნების შემდეგ თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა.

თავდაპირველად სოციალ დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი მარტინ შულცი ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა 22 იანვარს გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებს მისცეს ხმა.

კომენტარები