კობახიძე: მიწის გასხვისების შესახებ კანონს ივნისის ბოლომდე მივიღებთ

პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, მიწას გასხვისების შესახებ კანონს ივნისის ბოლომდე მიიღებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია. მისივე თქმით, შესაძლოა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნას. 

"ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია ამოქმედდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება, ზოგადად, ჰარმონიზაციის კომისია. ასევე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ ამ კანონპროექტს და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების ინტერესებს“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს საქართველოში მიწების შეძენაზე რიგ რეგულაციებს უწესებს, გასული წლის მაისში შევიდა. 

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელმა იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი გახდეს, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მრავალი ტიპის ცნობები და ნებართვები, ბიზნესგეგმები და საგადასახადო დოკუმენტაციები უნდა წარადგინოს. თუ უცხოელი მაინც მოიპოვებს მიწის შეძენის უფლებას, მას 100 ჰექტარზე დიდი ფართობის მიწის შეძენა ეკრძალება, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში კი მას მიწის შეძენა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეეძლება.

საქართველოს ახალი, 2017 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით".

კომენტარები