საზოგადოებრივი მაუწყებელი

საია საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ მიერ მომზადებული სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადა.

საია განმარტავს, რომ რეკლამა მიზნად ისახავს 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საჭირო ცვლილების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონი სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ყოველდღიურად არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამი. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია საჩივრით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეოს სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

კომენტარები