მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში პოპულარული ვარ, დიდი მხარდაჭერა მაქვს

Al Jazeera

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ ინტერვიუ ალ ჯაზირას მისცა და თავის აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში მის მიმართ არსებულ ბრალდებებს, 11 წლიანი პატიმრობის საფრთხეს და საქართველში ექსტრადიციის საკითხს ეხებოდა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ მოხდება, რადგან მას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. 

"თქვენ საქართველოში 11 წლამდე პატიმრობა მრავალი ბრალდების საფუძველზე გემუქრებათ, რომელიც თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება, მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად უკვე მოგისაჯეს. უკრაინის სააპელაციო სასამართლომ საქართველოში ექსტრადირებისგან დაცვის შესახებ თქვენს მოთხოვნაზე უარი თქვა. ჩანს, თითქოს ერთადერთი გზა ციხეში მიდის იმის მიუხედავად, რამდენად მწვავეა თქვენ მიმართ წარდგენილი ბრალდებები", - იკითხა ჟურნალისტმა. 

სააკაშვილმა კი უპასუხა: "საქართველოში არავინ ელოდება, რომ მთავრობის განცხადებების მიუხედავად, საქართველოში ჩემი ექსტრადირება მოხდება. მათ ამის ძალიან ეშინიათ, რადგან იქ ძალიან პოპულარული ვარ, მოქმედი მთავრობა კი ძალიან არაპოპულარულია. მე თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ვარ და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მაქვს".

12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რესტორანში დააკავა და ჩარტერული რეისით, რეადმისიის ფარგლებში, პოლონეთში გაამგზავრა. 

კომენტარები