ჭერის ჩამონგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში

ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევა - სატენდერო პროცედურებში ჩართულ პირებს მოხსნიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტრო ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართულ პირებს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე მოხდა.

"ჩვენ შევისწავლეთ არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა.

ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში" - განაცხადა კალაძემ.

ხუთი თვის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები