საქართველოს პარლამენტი

TI: პარლამენტი ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმს სრულყოფილად ვერ იყენებს 

parliament.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დასკვნით, პარლამენტი ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმების სრულფასოვნად ვერ იყენებს. 

ორგანიზაციამ შესაბამისი ანგარიში მოამზადა, სადაც ის საპარლამენტო კონტროლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციებით მიმართავს. 

TI-ის განცხადებით, ერთ-ერთი გამოწვევაა ის, რომ ​ოპოზიციის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მექანიზმები სუსტია, მათ შორის იმის გამოც, რომ ოპოზიცია არ ხელმძღვანელობს არც ერთ კომიტეტს პარლამენტში;

ასევე, ორგანიზაციის თქმით: 

  • კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოლიტიკური დებატების ჩატარებას ინტერპელაციის და მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს;
  • კონსტიტუციაში აღარ არის გათვალისწინებული მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია;
  • მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში არც ერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი - პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არ მოუწვევია მთავრობის წევრი;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონმდებლობას და ოპოზიციის მოწვევით, როგორც წესი, არ ცხადდებიან ფრაქციის სხდომებზე: 46 დაბარების შემთხვევიდან, ფრაქციის სხდომაზე სულ 5-ჯერ დაფიქსირდა გამოცხადების შემთხვევა;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დადგენილ ვადაში სრულად  არ პასუხობენ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. დეპუტატები კი იშვიათად სარგებლობენ ამ უფლებით;
  • პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები უმეტეს შემთხვევებში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, თუმცა, როგორც წესი, მათ ამ მოთხოვნას უმრავლესობა არ ეთანხმება - მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში, საანგარიშო პერიოდში, 19-ჯერ დარეგისტრირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მხოლოდ მისივე ინიცირებულ, ერთადერთი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, დარჩენილ 18 შემთხვევაში კი ოპოზიციის ინიციატივა არ გაიზიარა.
  • უმრავლესობა იშვიათად მიმართავს საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს, რის მიზეზადაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სხვა (არაფორმალურ) ფორმებს ასახელებს;
  • ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ მხრივ გამონაკლისია სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ დადგენილების მიღება სავალდებულო გახდა და ასევე, დაინერგა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოსმენების პრაქტიკა.

საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები პარლამენტის მიმართ ასეთია: 

  • შეიქმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის ოპოზიციის აქტიური ჩართულობის კუთხით;  
  • რეგლამენტით განისაზღვროს, რომ სულ მცირე ერთი (საფინანსო-საბიუჯეტო) კომიტეტის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი;
  • სამთავრობო საათი გახდეს ქმედითი მექანიზმი, არ შემოიფარგლოს წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხებით და დადგეს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ის არ დაესწრება სამთავრობო საათს;
  • პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართოს ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, დებატები;
  • პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე;
  • დადგინდეს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები, აგრეთვე, პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემის და მათ შესრულებაზე პერიოდული კონტროლის მექანიზმები;
  • გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა.

კომენტარები