დისკრიმინაცია

ლევან ვასაძის სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა

პირველი რადიო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ოჯახს ეკუთვნის, სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა. საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლას ზოგადი წინადადებით მიმართა - დაიცვას თანასწორობის პრინციპი და სტიპენდიის მიღების წესის შესახებ სპეციალური დებულება შეიმუშაოს.

"კავშირ საფარის განცხადების თანახმად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას" - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ "სასწავლებლის არგუმენტით, სტიპენდია ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას".

სახალხო დამცველის შეფასებით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია.

"ასევე, დაასაბუთოს - რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს" - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, მისასალმებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილი, ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები, თუმცა, აუცილებელია, არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია.

"რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან" - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები