თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

შსს: პირველადი ინფორმაციით, გუგეშაშვილის საქმეში ბრალდებული ოჯახს იცნობდა

EKATERINE PHOTOGRAPHY

ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრაში და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა. ასეთია გამოძიების პირველად ინფორმაცია.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ იცნობდნენ ერთმანეთს ეს ოჯახი და ბრალდებული", - უთხრეს ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ინფორმაციით, ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

"დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. კლინიკის პრესსამსახურში ტაბულას მხოლოდ ის უთხრეს, რომ გუგეშაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები