ხეების უკანონო მოჭრა

გარემოს დაცვა: იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 420 ფაქტი გამოვავლინეთ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, აქედან 125 ფაქტი - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 44 ფაქტი,  გურიაში -13, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე  - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში- 19 ფაქტი, შიდა ქართლში -35, ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 62 ფაქტი" - ნათქვამია დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე.

"ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი" - აღნიშნავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები