კიბო

გუშინ, 4 თებერვალს, მსოფლიომ კიბოს პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნა

worldcancerday.org

4 თებერვალს მსოფლიომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საქველმოქმედო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამთავრობო უწყებები ამ დღეს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად იყენებენ.

2016-2018 წლებში კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება სლოგანით „ჩვენ შეგვიძლია. მე შემიძლია.“. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას, ერთობლივად და ინდივიდუალურად, საკუთარი წვლილი შეიტანოს კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში.

კამპანიის ძირითადი გზავნილების თანახმად, აუცილებელია ერთად უზრუნველვყოთ ჯანმრთელი გარემო, გავაუმჯობესოთ ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა, დავამარცხოთ სტიგმა და შევიტანოთ წვლილი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

2016 წლის მონაცემების მიხედვით, ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების შემდეგ. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით კიბოთი წელიწადში 8.8 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე გრძელვადიანი და ეფექტური სტრატეგიაა. ამისათვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ფაქტორების შესახებ, რომლებიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს.

კიბოს რისკ-ფაქტორები მოიცავს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, გარემოს დაბინძურებას და ა.შ.

 

კომენტარები