ქურდული სამყარო

"ქურდული სამყაროს პასიური წევრობა" - მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ  საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. მინისტრის თქმით, ცვლილება ითვალისწინებს კონკრეტული დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას. გარდა ამისა, კანონში ჩნდება ახალი ცნებები - ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრობა.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქურდული სამყაროს პასიური წევრობა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება" - განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული ძალიან დიდი რისკის შემცველი.

"ალბათ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შეიქმნა 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზე, სასამართლო სისტემის დონეზე დ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელია. 

ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული“  - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები