შსს

იაპონიის მთავრობამ შსს-ს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება ავტოპარკის განახლებას იწყებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 2 თებერვალს იაპონიის მთავრობამ შსს-ს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადასცა.

შსს-ის ცნობით, არსებული საერთაშოირო ტენდენციების მიხედვით, ნელნელა სულ უფრო მეტი ქვეყნის პოლიცია გადადის გარემოსთან უფრო თავსებად ავტომანქანებზე, როგორიცაა ჰიბრიდები და ელექტრომობილები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.
2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება (Non-Project Grant Aid), რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა (JICS) კორპორაცია "მიცუბიშისთან" დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 96 ავტომობილი (45 Mitsrubishi Outlander Plug-in Hybrid და 51 Mitsubishi I-Miev electric vehicle), რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, კერძოდ, 45 ჰიბრიდული ავტომანქანა - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა,"- წერია განცხადებაში. 

შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში პირველი ნაბიჯია, რაც "მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს". 

შს მინისტრის გარდა, ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, შს სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის დიპლომატიური კორპუსისა და კორპორაცია "მიცუბიშის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები