საპენსიო რეფორმა

ჭიაბერაშვილი დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე: ქვეყანაში უმუშევრობა გაიზრდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა ქვეყანაში უმუშევრობას გაზრდის და მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად. 

ჭიაბერაშვილის განცხადებით, დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის 25, 35 და თუნდაც 45 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. "ღირსეულ პენსიას". 

"საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ეს რეფორმა ჩრდილში გადაიყვანს ეკონომიკის ნაწილს, რადგან დამსაქმებელი და დასაქმებული იძულებულები გახდებიან, რომ არაფორმალური შრომითი გარიგებები დადონ. დეპუტატის შეფასებით, ამან, შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლებიც შეამციროს. 

"არ არსებობს მსგავსი საპენსიო მოდელის წარმატებული მაგალითი. ქვეყნებში, სადაც ასეთი სქემა ათწლეულების წინ შემოიღეს, დღეს მთავრობები იძულებულნი არიან, ან საპენსიო ასაკი გაზარდონ, ან საპენსიო ფონდების დანაკლისი ბიუჯეტიდან შეავსონ. როგორც წესი, ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენება უწევთ, რაც ამ ქვეყნებში პოლიტიკურ მღელვარებას, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისებს იწვევს,"- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

ასევე, ნახეთ: - საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება

კომენტარები