კომპანია "ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი, გიორგი ჯოხარიძე, რომელმაც მეტროსადგური ვარკეთილი გაარემონტა, აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ ე.წ შეკიდული ჭერის ახალი კონსტრუქცია ძველ კონსტრუქციაზე დაამონტაჟა, რადგან მერიის "პირობებში ასე იყო" გაწერილი.
ჯოხარიძე მომხდარს იმით ხსნის, რომ "ძველი კონსტრუქცია მოიშალა და მაგან წამოიღო დანარჩენი ახალი კონსტრუქცია. დატოვეს, ასე იყო პირობებში, ძველ კონსტრუქციაზე უნდა გაგვეკეთებინა ახალი კონსტრუქცია".
კომპანიის დამფუძნებელი ასევე განმარტავს, რომ ახალი კონსტრუქციის დამონტაჟების შემდეგ "მერიას არავითარი პრეტენზია არ ჰქონია".
მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





