შსს

გახარია: დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული ჯერ კიდევ გამოწვევაა

ghn.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი ყველა სახის დანაშაული ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევაა.

გიორგი გახარიამ ამის შესახებ შსს-ს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებულ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და რა თქმა უნდა გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი", - აცხადებს გახარია.

შსს-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და მას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი ევალება.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

ამ დრომდე უცნობია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ვინაობა, მათ შს მინისტრი ნიშნავს. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში სხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. შსს-ს ინფორმაციით, დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტი არის შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას წარმოადგენს სამინისტროს. ამავე ბრძანებაში გაწერილია დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები. მათ შორის არის:

  • კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთანდაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი; 

შსს-ს განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

კომენტარები