შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი ევალება.

შსს-ში აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტი არის შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. ამავე ბრძანებაში გაწერილია დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები. მათ შორის არის:

  • კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი; 
  • სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის პროექტების მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ამ დრომდე უცნობია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ვინაობა, მათ შს მინისტრი ნიშნავს. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში სხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კომენტარები