Bitfury

Bitfury-ის გლდანის ცენტრზე საქართველოს ელექტრომოხმარების 2.7% მოდის, გორი - უცნობია

youtube.com

თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე Bitfury-ის დატა ცენტრმა ნოემბერში 28.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ნოემბერში საქართველოში მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგიის 2.69%-ია. კომპანია ასევე ფლობს დატა ცენტრს გორში, თუმცა აღნიშნული ცენტრის მიერ მოხმარებული ელექტეროენერგიის მოცულობა უცნობია.

Bitfury-იმ გამოაქვეყნა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია კილოვატს 13.6 თეთრად ყიდულობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომპანია არ იხდის დენის ტარიფის შემადგენელ დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც კილოვატზე 2.46 თეთრს შეადგენს.

2017 წლის დეკემბრის თვის ელექტროენერგიის ქვითარი

შენიშვნა: საბანკო ანგარიშის ნომერი განგებ რეტუშირებულია
ფოტო: bitfury

დოკუმენტის მიხედვით, Bitfury-იმ 2017 წლის დეკემბერში 27,017,100 კილოვატი დაწვა, რაშიც თელასს 3,329,587 ლარი გადაუხადა. ნოემბერში კი კომპანიის დენის დანახარჯმა 28,516,620 კილოვატი შეადგინა, რაშიც კომპანიამ თელასს 3,514,388 ლარი გადაუხადა.

Bitfury-ის საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული ბლოკჩეინ დატა ცენტრი, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.

საქართველოს მთავრობამ Bitfury-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2015 წელს თბილისის მახლობლად გადასცა 18 ჰექტარის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. გადაცემიდან რამდენიმე თვეში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.

ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. 

ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს.

გადასახადები, რომელთა გადახდაც Bitfury-ის დატა ცენტრს არ უწევს: 

  • მოგების გადასახადი - 0%
  • იმპორტის გადასახადი - 0%
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან

Bitfury-ის შესახებ

Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს.

კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ნორვეგიაში.

კომენტარები