რეორგანიზაცია თბილისის მერიაში

კალაძე: ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება, მთავარია - პროფესიონალიზმი

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი თებერვალში დასრულდება და ზუსტად გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი. მთავარია კომპეტენტურობა და პატიოსნება. თებერვლის ბოლოს სრულდება რეორგანიზაციის პროცესი და ზუსტად გვეცოდინება, ვინ დარჩება და ვინ წავა," - განაცხადა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროგრამის შესრულება "სწორი და ეფექტური" მართვით იქნება შესაძლებელი.

"დღეს წარმოვადგინეთ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია. როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მართვის პოლიტიკა. შეუძლებელია იმ პროგრამის განხორციელება, თუ არ იქნა სწორი და ეფექტური მართვა. ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა თბილისის მერიაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ და დამატებითი რეორგანიზაციული ცვლილებებით, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი აუცილებლად გავხადოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი,"- თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები