ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება

ბოსნია-ჰერცოგოვინა: ბიბილოვის ვიზიტი სრპსკას საერთაშორისო იმიჯს აზიანებს

Presidentruo.org

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოსნია-ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ჩრნადაკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა სრპსკაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტით მისი საერთაშორისო იმიჯი დაზიანდა და ანატოლი ბიბილოვის მიღებით რესპუბლიკა "საეჭვო საერთაშორისო სტატუსის და მნიშვნელობის" მქონე სამხრეთ ოსეთის რეგიონს გაუთანაბრდა.

ჩრნადაკმა დაადასტურა, რომ საქართველომ ბოსნია-ჰერცოგოვინას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს.

საუბარია ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში 9 იანვარს, "რესპუბლკის დღის" აღლუმზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის დასწრებაზე. ის იქ ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის პირადი მიწვევით იმყოფებოდა. აღლუმის შემდეგ ბიბილოვი დოდიკს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა, შემდეგ კი სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ მხარს უჭრს ბოსნია-ჰერცოგოვინადან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფას.

ბიბილოვის ვიზიტზე საუბრისას მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერბთა რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს და ხაზი გაუსვა, რომ ბიბილოვი ეწვია არა ბოსნია-ჰერცოგოვინას, არამედ სერბთა რესპუბლიკას.

სრპსკაში ჩასვლამდე ბიბილოვი სერბეთში და უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკშიც იმყოფებოდა.

ბოსნია-ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით მათ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და მასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს.

კომენტარები