თბილისის მერია

მერიამ სითი ინსტიტუტს გენ.გეგმის ვადების წარმოსადგენად დრო დღის ბოლომდე მისცა

თბილისის მერია

თბილისის მერია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ სთხოვს, სამუშაო დღის ბოლომდე წარმოადგინოს დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადები. ამის შესახებ კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მერია კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას მისცემს და კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. 

„ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - თქვა კალაძემ. 

თბილისის მერიას "სითი ინსტიტუტ საქართველოსთან" პრეტენზიები ადრეც ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში მან კომპანია 145 ათასი ლარით დააჯარიმა. მიზეზად გენგეგმის დოკუმენტში ხარვეზები იყო, რომელიც ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა. 

“სითი ინსტიტუტმა" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. მერიამ მას 2 800 ათასი ლარი გამოიყო. გენგეგმა 2017 წლის აპრილში მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტი ამ დრომდე არ არის მომზადებული. 

კომენტარები