კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი მოკლა და მტკვარში გადააგდო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტის შეუტყობინებლობისთვის ხუთი პირი დააკავეს, ხოლო განზრახ მკვლელობისთვის - 1 პირი. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს - 1998 წელს დაბადებულ დ.ტ-ს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

"დ.ტ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პარალელურად, პოლიცია გაუჩინარებული პირის ძებნის ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დ.ტ.-ს ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ მკვლელობის ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დააკავეს.

"ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლით). დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები