დისკრიმინაცია

პარლამენტის თანამშრომელი სოფიო კილაძეს დისკრიმინაციის გამო სასამართლოში უჩივის

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომელმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ელგა ფოლადიშვილი ყვება, რომ კილაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ პროფესიით იურისტი არ არის. მისივე თქმით, კომიტეტის თავმჯდომარე ახლობლებს ასაქმებს და იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც კომიტეტი უკვე დატოვა, მისთვის სასურველი ადამიანები მოიყვანა.

"მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მე. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. შემდეგ მისგან იყო ასეთი სვლა - თუ ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, მიმცემდა დისციპლინურ პასუხისგებაში. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა ასეთ რამ - შენ არ ხარ იურისტი, დაგავალებ ისეთ რამეს, რომელსაც, როგორც არაიურისტი, ფიზიკურად ვერ შეასრულებ. არის რაღაც თემები, რაშიც მე ფიზიკურად ვერ შევალ, იმ მიზეზის გამო, რომ ამის არც კომპეტენცია მაქვს, რადგან არ ვარ იურისტი და საჯარო მოხელეობა გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებს", - აცხადებს ფოლადიშვილი.

მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, როცა ელგა ფოლადაშვილი კონკურსის შედეგად მოხვდა პარლამენტში, მოთხოვნებს შორის იურისტის დიპლომი არ ყოფილა.

"ვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას. ამ ნაწილში ჩვენი მოპასუხეები, პარლამენტთან ერთად, არიან ფიზიკური პირები სოფიო კილაძე და ნიკოლოზ ნათენაძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში და მათი მოქმედებებით, ვფიქრობთ, რომ ნათლად იკვეთება დისკრიმინაციის ფაქტი. როგორც მოსარჩელე განმარტავს, სოფიო კილაძემ განუცხადა, რომ უნდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ვინაიდან, ის პროფესიით იურისტი არ იყო და პროფესიით არაიურისტი ამ კომიტეტში ვერ იმუშავებდა. თუმცა, ეს არ არის დადგენილი სტანდარტი, არ არის სავალდებულო პირობა, რომ აუცილებლად იურისტი მუშაობდეს ამ კომიტეტში და მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც მოსარჩელის დასაქმება მოხდა ამ პოზიციაზე, დამსაქმებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ის პროფესიით იურისტი არ იყო. კომიტეტს, გარდა კანონპროექტებზე დასკვნების მომზადებისა, შესაძლოა ჰქონდეს სხვა უამრავი ფუნქცია და ვალდებულება, რომლის შესრულება შეიძლება დაევალოს იმ თანამშრომელს, რომელიც პროფესიით იურისტი არ არის", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ტაბულა ცდილობს სოფიო კილაძესთან დაკავშირებას, თუმცა დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით პარლამენტის პრესსამსახურსაც და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ინტერნეტში იძებნება, ელგა ფოლადიშვილი ჟურნალისტია. მან 2011 წელს მოძრაობა "სოლიდარობა უკანონი პატიმრებს" ოფისში, მოძრაობის ლიდერ ეკა ბესელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი წიგნის, "წერილები საქართველოს" წიგნის მაღაზიების ქსელიდან ამოღება გააპროტესტა. 2012 წლიდან 2016 წლის შემოდგომის ჩათვლით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს სწორედ ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. სოფიო კილაძე კომიტეტის თავმჯდომარე 2016 წლის შემოდგომაზე, ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ გახდა.

კომენტარები