კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა

reginfo,ge

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის წევრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, პროფესორ ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს. 

"რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

პანკისის სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრილი 19 წლის მაჩალიკაშვილი ახლა მიქაელის საავადმყოფოში იმყოფება. ის თავდაპირველად თელავის კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები