ზვიად რატიანი

სასამართლოსთან, სადაც რატიანის საქმეს განიხილავენ, მწერლები აქციას მართავენ

რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც პოეტ ზვიად რატიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მწერლები აქციას მართავენ. ისინი რატიანის მიმართ მიმდინარე გამოძიებას აპროტესტებენ. მწერლები პოეტის ლექსებს კითხულობენ. 

სასამართლომ რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციული წესით ედავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. გუშინ კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

კომენტარები