გოგიჩაიშვილი: წინა მთავრობამ აფრასიძეებთან რა ჩაატარა და პანკისში რას იზამდა

ლევან გოგიჩაიშვილი
www.facebook.com/pg/GDLevanGogichaishvili

ქართული ოცნების წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დასმული კითხვები არასერიოზულია, ვინაიდან წინა ხელისუფლებამ 2004 წელს მესტიაში, აფრასიძეების აყვანის დროს "სრულიად უმტკივნეულო სიტუაციაში რა ჩაატარა".

"თქვენ წარმოგიდგენიათ, ასეთი ოპერაცია მათ დროს რომ ჩატარებულიყო, ალბათ პირდაპირ ეთერში იქნებოდა რუსთავი 2-ზე და ალბათ რას არ იკადრებდნენ. ალბათ მთელს ხეობას კედელთან დააყენებდნენ და საოცრებებს ჩაიდენდნენ. სრულიად უმტკივნეულო სიტუაციაში სვანეთში რა ჩაატარეს, ხომ გახსოვთ, აფრასიძეების ოჯახთან მიმართებაში და აქ შეიძლება სისხლის გუბეები დაეყენებინათ. ამიტომ მათი მხრიდან ნებისმიერი შეფასება, მე ვფიქრობ, არის არასერიოზული", - თქვა გოგიჩაიშვილმა ტვ პირველის ეთერში.  

ევროპულმა საქართველომ დღეს მმართველ გუნდს გუშინ გამთენიისას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. კითხვები ეხებოდა როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევის ჯგუფთან კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ასევე მისი აყვანის პროცესს, რომლის შედეგადაც მაჩალიკაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავშია დაჭრილი. 

რაც შეეხება ძმები აფრასიძეების აყვანის სპეცოპერაციას: აფრასიძეები კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათი აყვანის სპეცოპერაცია 2004 წელს მესტიის სოფელ ეცერში ჩატარდა. სპეცოპერაციას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მაშინ ლიკვიდირებული იქნა ერთ-ერთი ძმა და მამა. ხოლო შმაგი და გოჩა აფრასიძეები დააკავეს 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ისინი ციხიდან 2013 წელს, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ. 

კომენტარები