უხუცესთა საბჭო: პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა

პირველი არხი

დღეს პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო შეიკრიბა და გუშინ გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა. საბჭოს წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა. ამიტომ, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და თუ შევნიშნეთ, რომ გამოძიება სიმართლისკენ არ მიდის, მაშინ ჩვენ სხვა გზას მივმართავთ. გამოძიების და დამნაშავის დასჯის წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თვითნებურ სასჯელს. ეს იყო თვითნებური სასჯელი, როდესაც მძინარე ახალგაზრდას შუბლში ესვრიან. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს იყო ძალის გადამეტება. ალბათ, სპეცრაზმელი შეშინდა და წარმოიდგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა, ასეთები არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურაში, ვინც ვერ არჩევს რეალობას,"- თქვა უხუცესთა საბჭოს ერთერთმა წევრმა ხასო ხანგოშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

გუშინ გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები