პანკისის უხუცესთა საბჭო იქ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსჯელობს

პირველი არხი

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო იკრიბება. კრების დასრულების შემდეგ საბჭო გუშინ გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას გააკეთებს. 

მანამდე კი ჟურნალისტებთან პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ და კვლავ აცხადებენ, რომ მას სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მაჩალიკაშვილის ბებიის თქმით, ტყუილია, რომ მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გააქტიურება სცადა. ოჯახი ამბობს, რომ 19 წლის ახალგაზრდას ეძინა, როდესაც სპეცრაზმმა მას თავში ტყვია ესროლა. ოჯახის წევრები ასევე უარყოფენ მაჩალიკაშვილის კავშირს ახმედ ჩატაევთან და თბილისში 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებულ სხვა ადამიანებთან. 

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას თქვეს, რომ "თემირლან​ მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება". 

გუშინ გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს. უწყება მათ სწორედ ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება. 

კომენტარები