ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

გიორგაძე: პირადად ვუხელმძღვანელებ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს

ტაბულა

კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, ფრანკფურტის ბაზრობის პროექტს თავად უხელმძღვანელოს.

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

ცნობისთვის, დასკვნით ეტაპზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ორი ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს. დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფრანკფურტში საქართველოს რეპრეზენტატორი, სიმბოლური ხელმძღვანელი იქნება. პროექტის კიდევ ერთ პასუხისმგებელ პირად კი, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაინიშნა, რასაც წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი აპროტესტებდა. მისი თქმით, თავად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია აუკრძალეს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისას შექმნილი პრობლემების გამო, მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით კულტურის მინისტრს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ამის შემდეგ, 60-ზე მეტმა მწერალმა, გამომცემელმა და მთარგმნელმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და კულტურის მინისტრს მიმართა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელი შეუწყონ. ისინი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება უპირობოდ აფერხებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის მზადების პროცესს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის შეფერხებაზე საუბრობდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოც. ამის შემდეგ, კულტურის სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და მანანა ბერიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პროექტს ჩამოშორდეს.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს, კულტურის სამინისტრომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო ღონისძიების შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებაზე.

2014 წელსვე, პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ შექმნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ეფექტური და წარმატებული მართვა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია.

კომენტარები