წიწვოვანი ხეები

გარემოს დაცვა: ზუგდიდის ბაზარში, 4 პირი წიწვოვან ხეებს უკანონოდ ყიდდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  ზუგდიდის ბაზარში, 4 პირი წიწვოვანი​ სახეობის ხე-მცენარეებს უკანონოდ ყიდდა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია კრიპტომერიის, ნაძვისა და სოჭის სახეობის 56 ძირი ხე-მცენარე.

"გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 6160 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

"კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში - ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ჩვენი თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში - სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ახორციელებენ" - აღნიშნავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

კომენტარები